English / ქართული / русский /
მადონა გელაშვილი
ეროვნული ეკონომიკის მწვანე განვითარების კონცეფცია - მწვანე ეკონომიკა და მწვანე განვითარება მდგრადი განვითარების კონტექსტში

ანოტაცია: მწვანე ეკონომიკა მიჩნეულია ეკონომიკური თეორიის იმ კომპონენტად, სადაც იგი ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება. მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. იგი ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა და წინა პლანზე წამოწიოს საზოგადოების როლი მწვანე ზრდასა და მწვანე განვითარების უზრუნველსაყოფად. დღეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ახალი ვექტორი მიმართულია სიღარიბის გზების დაძლევისაკენ. გარემოზე ზრუნვა და კლიმატის ცვლილება, როგორც თანამედროვე პერიოდის უდიდესი გამოწვევა, საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ახალი თეორიები, ენერგიები და შესაძლებლობები ჩვენს გარემოში. სიღარიბე, რომელიც იწვევს გარემოსა და ადამიანური შესაძლებლობების გაუარესებას, საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად ბუნებრივ გარემო პირობებზე ზრუნვას წარმოგვიდგენს. სტატიაში განხილულია საკითხები, რომელიც ეხება „ყავისფერი“ და „მწვანე“ ეკონომიკის საკითხებს, მწვანე ზრდის, მწვანე განვითარების მიზნებსა და ამოცანებს მდგრადი განვითარების კონტექსტში.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, მწვანე ზრდა, ყავისფერი ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა.

შესავალი

მდგრადი განვითარება მოიცავს სამ კომპონენტს შორის ყოვლისმომცველ კავშირს: ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.  მწვანე ეკონომიკის კონცეფცია მიზნად ისახავს სწორედ ამ კომპონენტებს შორის უფრო ჰარმონიული შეთანხმების მიღწევას, რაც მისაღები იქნებოდა ქვეყნების ყველა ჯგუფისთვის – განვითარებული, განვითარებადი და დაბალგანვითარებული  ქვეყნებისათვის. ბუნებას არ აქვს თავისი საზღვრები. მასში არსე­ბული სიკეთეებიც და ზიანის გამომწვევი პირობებიც  უსაზღვროდ ვრცელდება მთელ პლანეტაზე. გლობალური დათბობის გამომწვევი უარყოფითი მიზეზების პროგნოზირება სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება.

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია სულ უფრო მეტ გამოხმაურებას იძენს საზოგადოების მხრიდან. მას აქტიურად განიხილავენ ექსპერტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები. უფრო კონკრეტულად, იგი განვითარდა მდგრადი კონცეფციის საფუძველზე. სიტყვა „მწვანე რევოლუცია“  საერთაშორისო ლექსიკონში პირველად გამოიყენა უილიამ გაუდიმ (XX საუკუნის 60-70 წლებში). ამერიკელი ეკოლოგი ტეილორ მილერი მწვანე რევოლუციას განიხილავდა  ორ ეტაპად: პირველს – განვითარებულ და მეორეს –  განვითარებად ქვეყნებში. მეორე მწვანე რევოლუცია 15-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა (მექსიკიდან კორეამდე). ესენი არიან ძირითადად აზიის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის მკვეთრი ზრდის გამო განიცდიდნენ შიმშილსა და იმყოფებოდნენ გადარჩენის ზღვარზე. ამ დროს „მწვანე ეკონომიკის“ განვითარება გახდა სახელმწიფოთა და შესაბამისად მოსახლეობის გადარჩენის  წყარო. შინაარსობრივად „მწვანე ეკონომიკა“ და „მდგრადი განვითარება“ განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ერთი მეორის შემადგენელი ნაწილია. ეკონომიკური განვითარების გარეშე შეუძლებელია მწვანე ეკონომიკის არსის, მნიშვნელობისა და თავისებურებების გაგება.  მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს. იგი მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და ამცირებს  გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესზე მეტად  თავად საზოგადოებაა, რომელიც  მართავს მას. 

ყავისფერი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკამდე 

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია მოიცავს მრავალ იდეას, რომელიც განიხილება მდგრადი განვითარების კონტექსტში და რომელსაც გვთავაზობს სხვადასხვა ეკონომიკური მეცნიერებები და ფილოსოფია ზოგადად (ფემინისტური ეკონომიკა, პოსტმოდერნიზმი, ეკოლოგიური ეკონომიკა, გარემოს ეკონომიკა, ანტიგლობალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და სხვ.). მწვანე ეკონომიკის კონცეფციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე ეკონომიკური სისტემა არასრულყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ მან გარკვეული შედეგი გამოიღო ზოგადად ხალხთა და განსაკუთრებით მისი ცალკეული ჯგუფების ცხოვრების დონის ამაღლებაში, უარყოფითი შედეგები სახეზეა: კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ბუნებრივი კაპიტალის ამოწურვა, გავრცელებული სიღარიბე, მტკნარი წყლის, საკვების, ენერგიის ნაკლებობა, ხალხთა და ქვეყანათა უთანასწორობა. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დღევანდელ და მომავალ თაობებს. ეკონომიკის ამჟამინდელი მოდელი, „ყავისფერი“ ეკონომიკა, უკვე საგრძნობ საფრთხეებს უქმნის არა ცალკეული ქვეყნების მოსახლეობას, არამედ მთელ პლანეტას.

მწვანე ეკონომიკით დაინტერესებული მსოფლიოს სამეცნიერო წრეები აქტიურად განიხილავენ ასიმეტრიულ განვითარებას, რომელიც ვლინდება ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.  ამის მიზეზად ე. წ. „ყავისფერი ეკონომიკა“ მიიჩნევა. ეს არის ტრადიციული ეკონომიკის განვითარების გზა და სიტყვა „ყავისფერი“ გარემოს დაბინძურებას უკავშირდება. „მწვანე ეკონომიკის“ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახვა არ არის მხოლოდ თანამედროვე პრობლემა. „ყავისფერი ეკონომიკის“ ელემენტები წარსულშიც ნეგატიურად ზემოქმედებდა სახელმწიფოთა განვითარებაზე, რადგან  ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიურ მთლიანობას შორის დაპირისპირება წარმოადგენს გლობალური ეკონომიკური კრიზისის მთავარ წყაროს. ეს პრობლემა დაისვა ჯერ კიდევ თ. მალთუსის და ა. უოლესის ნაშრომებში. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მწვავე გახდა დიდი დეპრესიის წლებშიც.

კაცობრიობის გადარჩენისა და განვითარებისთვის საჭიროა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა − ეს არის ეკონომიკური აქტივობების სისტემა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან, რაც იწვევს ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობების მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი რისკების ან გარემოს სიმცირის გამოვლენის გარეშე.

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ეფუძნება საზოგადოების ურთიერთობას გარემოსთან. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) განსაზღვრავს მწვანე ეკონომიკას, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც განაპირობებს ადამიანის კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და გარემოს დეგრადაციის რისკებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკა არის დაბალი ნახშირბადის შემცველი, რესურსებით ეფექტური და სოციალურად ინკლუზიური, სადაც შემოსავლისა და დასაქმების  ზრდა ხდება სახელმწიფო დანახარჯებისა და კერძო ინვესტიციების ხარჯზე, რომლებიც ამცირებს ნახშირბადის ემისიას და დაბინძურებას, ზრდის ენერგიისა და რესურსების ეფექტურობას და ხელს უშლის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების დაკარგვას.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული განმარტებები:                                                                                          

                                                                                                                  ცხრილი 1

ორგანიზაციები

მწვანეეკონომიკისგანმარტება

UNEP

მწვანე ეკონომიკა არის ადამიანთა კეთილდღეობის დონის ამაღლებისა და სოციალური სამართლიანობის შედეგი,  გარემოს დაცვითი რისკებისა და ეკოლოგიური დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება (ან შეზღუდვა).

OECD

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკა ან ეკონომიკური  განვითარების მოდელი,  რომელიც მდგრად განვითარებასა და გარემო პირობების ეკონომიკურ ცოდნაზეა დამყარებული.

 

მწვანე ეკონომიკა ზრუნავს არა მხოლოდ კაპიტალის ზრდაზე და შრომისა და ინფორმაციის განახლებაზე, არამედ მიწის (ბუნებრივი რესურსების), როგორც წარმოების ფაქტორის განახლებაზეც.

ამისათვის ეკონომიკას სჭირდება:

1) შექმნას პირობები და მიიღოს ზომები დედამიწის თვითრეგენერაციის უზრუნველსაყოფად: უზრუნველყოს ბუნებრივი სისტემების ეკოსისტემური მდგრადობა, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი არსებობა;

2) გააუმჯობესოს რესურსების ეფექტიანობა, რითაც შემცირდება გარემოს გავლენა ეკონომიკურ სექტორებზე და ადამიანის ინდივიდუალურ საქმიანობაზე.

 მწვანე ეკონომიკის კონცეფცია გულისხმობს:

-  სახელმწიფო მხარდაჭერისა და კერძო ინვესტიციების მიმართულების გაძლიერებას ცოდნის გავრცელების, ინიციატივების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების შექმნას, რომლიც ხელს შეუწყობს ნახშირბადის ემისიებისა და დაბინძურების დონის შემცირებას;

- ეკონომიკის ახალი, მწვანე სექტორების, მწვანე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც მოიცავს ნარჩენების უფრო ღრმა დამუშავებას, ენერგიის მოხმარების შემცირებას ან ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებას. ნედლეულის ეფექტიანი გამოყენება იწვევს ხარჯების შემცირებას, მწვანე პროდუქტების გამოშვებას და მწვანე ინდუსტრიებში მოგების გაზრდას ტრადიციულთან შედარებით. ყველაფერი ეს შესაძლებელს ხდის გაიზარდოს ხელფასის დონე. შედეგად მივიღებთ სტიმულებს სოციალური წახალისების სახით, რათა მოხდეს  სამუშაო ძალის გადანაცვლება ტრადიციულიდან მწვანე ეკონომიკის  სექტორებში და  შემცირდეს სიღარიბის დონის მაჩვენებელიც;

3) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება გამოიწვევს საწვავის საჭიროების შემცირებას და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას. ეს მნიშვნელოვანი პირობაა ბუნებრივი რესურსების თვითაღდგენისათვის;

4) რესურსების ეფექტიანობის გაზრდა იწვევს ნარჩენების წარმოშობისა და გარემოს დაბინძურების დონის შემცირებას, უზრუნველყოფს ეკონომიკის აღნიშნული  სექტორის არსებობას ხაგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ინარჩუნებს პირობებს ბიომრავალფეროვნებისა და ორგანული საყოფაცხოვრებო პირობების შესანარჩუნებლად.

”მწვანე ეკონომიკის” კონცეფცია საკმაოდ ფართოა, ამასთანავე შედარებით ახალია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისთვის. ტერმინის განსაზღვრა და გაგება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვაგვარად შეიძლება. მიუხედავად მრავალი განსაზღვრებისა, მწვანე ეკონომიკის ზოგადი განმარტება გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამწვანება შეიძლება გახდეს მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი. ”მწვანე ეკონომიკასთან” დაკავშირებული ტერმინები და განსაზღვრებები არის სულ მცირე ორი სახის: ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავენ პროცესს (”ეკონომიკის გამწვანება”, ”მწვანე ზრდა”) და ტერმინები, რომლებიც დაკავშირებულია შედეგთან (”მწვანე ეკონომიკა”). 

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია და მდგრადი განვითარება 

მდგრადი განვითარების მისაღწევად 1992 წლიდან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. გაეროს ათასწლეულის ფორუმზე, რომელიც ჩატარდა 2000 წელს, შეთანხმდნენ ათასწლეულის განვითარების ძირითად მიზნებზე (MDGs), რაც, უპირველეს ყოვლისა, უკიდურესი სიღარიბის დასაძლევას გულისხმობდა. XXI საუკუნეში ყველა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიღწევა. ეს ტერმინი ბრუნვაში შემოვიდა 1987 წელს, ხოლო 1992 წლის რიო-დეჟანეიროს კონფერენციაზე აღნიშნულმა ტერმინმა მიიღო შემდეგი განსაზღვრება: მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანთა დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ამასთან აღინიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ისეთ გარემოზე, რომელიც ხელსაყრელია მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, მკაფიოდ გამოიკვეთა სახელმწიფოების როლიც, რომ ისინი მოვალენი არიან შეინარჩუნონ და გამოიყენონ გარემო და ბუნებრივი რესურსები ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისათვის.  მდგრადი განვითარების შესახებ არის სხვა ინტერპრეტაციაც. მაგალითად, „საზოგადოების მდგრად განვითარებაში იგულისხმება ისეთი განვითარება, რომლის დროსაც დადგინდება მოსახლეობის რიცხოვნობის მეცნიერულად დასაბუთებული ზღვარი, რის შესაბამისადაც შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა ადამიანების სიცოცხლისუნარიანობისა და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის ისე, რომ დაცული იქნეს საცხოვრებელი გარემოს ბუნებრივი კვლავწარმოების პირობები.“ ორივე ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მდგრადი საზოგადოება უნდა დაეყრდნოს ბუნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობათა მართვის (რეგულირების) პრინციპებს. ეს კი რთული პროცესია, რომელიც მოიცავს მეცნიერების (როგორც ასეთის და არა მხოლოდ ერთი დარგის), ეკონომიკის (რომელიც პლანეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე სპეციფიკურ მიზნებს ემსახურება, მაგალითად, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში  შიმშილისგან თავის დაღწევას) და ბუნების (სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა რესურსებით, პოტენციალით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი შეზღუდვით ხასიათდება, მაგალითად ჰაერი, წყალი, ნიადაგი, წიაღისეული და სხვა), ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთგანპირობებულობის დონის ობიექ­ტურად შეფასებას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სწორად განსაზღვრას. იგულისხმება არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების შეხედულებებით საკუთარი სტრატეგიის შემუშავება-განხორციელება, არამედ სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებული მოქმედებაც აუცილებელი პარამეტრების დაცვის თვალსაზრისით. მაგალითად, გამოითქვა მოსაზრება, რომ მსოფლიოს ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ, რომ ერთნაირად დაიცვან შემდეგი პირობები: მოსახმარი რესურსების (სახეობების მიხედვით) რაოდენობა, პროდუქციის წარმოების მოცულობა, გარემოს გაჭუჭყიანობის ნორმატივები, მოსახლეობის რაოდენობა.

რიოს კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ყველა სახელმწიფო და ყველა ხალხი თანამშრომლობენ სიღარიბის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ამოცანის −  მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობის  გადაწყვეტაში იმ მიზნით, რომ შემცირდეს ცხოვრების დონეებს შორის განსხვავება და უფრო ეფექტიანად დაკმაყოფილდეს მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნილებები. ასეთი კეთილშობილური მიზნის მიღწევა საერთო ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან ლოგიკურად აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ მდგრადი განვითარების და ყველა ადამიანისათვის ცხოვრების მაღალი ხარისხის მისაღწევად სახელმწიფოები მოვალენი არიან შეზღუდონ და ლიკვიდაცია მოახდინონ წარმოებისა და მოხმარების არასიცოცხლისუნარიანი მოდელები და წაახალისონ შესაბამისი დემოგრაფიული პოლიტიკა. მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, დემოგრაფიული, სულიერი პრობლემების გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მას უნდა შეეძლოს მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება და ამით ადამიანების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ისე, რომ მომავალი თაობებისათვის საჭირო რესურსები არ ამოიწუროს. ასეთი სისტემა უნდა ემყარებოდეს მართვის თანამედროვე პრინციპებს (პროგნოზირებას, დაგეგმვას, მიზნობრივ პროგრამებს და ა. შ.)  და არა სტიქიურ საბაზრო მექანიზმს. პოსტსო­ციალისტურ სივრცეში ფორმირებული საბაზრო მექანიზმების სტიქიური მოქმედებითა და ეკონომიკური პროცესების რეგულირების ფუნქციებისგან სახელმწიფოს საკუთარი ინიციატივით განთავისუფლებამ დააჩქარა ეკონომიკის სისტემური კრიზისი და ამით უფრო გაღრმავდა ეკოლოგიური პროცესები. შეიქმნა უნიკალური სიტუაცია: ერთი მხრივ, მზარდი ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და მეორე მხრივ, მდგრადი განვითარების პრინციპებზე გადასვლის აუცილებლობა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს როლის გააქტიურებას, რათა მან შეასრულოს გარემოსა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტის ფუნქცია და, რაც არსებითია მისთვის, ადამიანებზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს ცენტრალურ ამოცანას.

ამდენად, მდგრადი განვითარება ნიშნავს:

ü ადამიანზე ზრუნვის ძალისხმევის გაღრმავებას;

ü ყველა სახელმწიფოს და ყველა ხალხის თანამშრომლობას სიღარიბის აღმოფხვრის უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადასაწყვეტად;

ü ცხოვრების დონის მიხედვით უთანასწორობის შემცირებისა და მსოფლიო მოსახლეობის მოთხოვნილებების უფრო ეფექტიან დაკმაყოფილებას;

ü გლობალიზაციის გაღრმავების პირობებში ეკონომიკური განვითარების ცივილური, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული განვითარების ჩარჩოებში განხილვას.

ამიტომ, ბუნებრივია, ახლებურად დგება ეკონომიკური ზრდისა და მისი გაზომვის საკითხებიც. კერძოდ, აუცილებელია ვაღიაროთ ეკონომიკური განვითარების პრიმატი ეკონომიკური ზრდისადმი, რაც თავისთავად იწვევს მათი გაზომვისა და შეფასების საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობას. გაზომვა რაოდენობრივ შეფასებას გამოხატავს, ხოლო ეკონომიკური ზრდის გაზომვა ქვეყნის მასშტაბით წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობრივი, მოცულობითი და ნატურალური მახასიათებლების გამომხატველია, რაც ფიქსირებულია კიდეც ეკონომიკურ ლიტერატურაში. შეფასება კი რაოდენობრივ გაზომვასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სპეციფიკურ თვისებებს, ხარისხობრივ მხარეს გამოხატავს. ამიტომ გაზომვისა და შეფასების განხორციელებისათვის აუცილებელია ჯერ-ერთი, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ზრდის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება; მეორე, განვსაზღვროთ ეკონომიკური ზრდის შეფასების ძირითადი პრინციპები, კრიტერიუმები, მაჩვენებელთა სისტემა.

ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური საქმიანობის რაოდენობრივი მახასიათებლის ცვლილების პროცესია. აქედან გამომდინარე იგი მოიცავს ეკონომიკურ ზრდას მეურნეობის სტრუქტურაში, წარმოების ეფექტიანობაში, მოსახლეობის ცხოვრების პირობებსა და ხარისხში მიმდინარე ცვლილებებს. ეკონომიკური ზრდა კი ეკონომიკური განვითარების მხოლოდ რაოდენობრივ მხარეს გამოხატავს, რაც წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის დინამიკით გამოიხატება. მაგრამ რაოდენობა და თვისებრიობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. არა მარტო განვითარებას აქვს თავისი რაოდენობრივი მხარე, არამედ ზრდასაც აქვს თავისი თვისებრივი მხარე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შეფასება გულისხმობს ეკონომიკური სისტემების ფუნქციონირების შედეგიანობის დინამიკაში განსაზღვრას შესაბამისი კრიტერიუმებისა და მაჩვენებელთა სისტემის საფუძველზე. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების სისტემის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული შეხედულებები, რადგანაც განვითარება ბოლო ათწლეულებში ძალიან დაჩქარდა, რაც ზრდის ფაქტორების შესახებ შეხედულებების სწრაფ ცვლილებას იწვევს. შემდეგი მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხის და ეკონომიკური განვითარების კონცეფციები ბოლო პერიოდში პოულობს ძლიერ მხარდაჭერას, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ გავრცელებულია კონცეფციები, რომლებიც სოციალურ ან ინსტიტუციონალურ განვითარებას არ მიიჩნევს ეკონომიკური განვითარების ორგანულ ნაწილად. აქედან გამომდინარე, სოციალური განვითარების კრიტერიუმები და მაჩვენებლები ფაქტობრივად ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების დანამატად განიხილება. თუმცა ამავე დროს ისიც აღიარებულია, რომ ეკონომიკა თავისი არსით სოციალური მოვლენაა, ხოლო ეკონომიკური ზრდის ხარისხის კვლევა, ანუ ეკონომიკის სოციალური არსის კვლევა უდავოდ წინა პლანზე გამოდის.

მწვანე ეკონომიკის ინიციატივა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

  • Ø ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბუნებრივი სერვისების შეფასება და ხაზგასმა;
  • Ø მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფა მწვანე სამუშაო ადგილების შექმნისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების გზით;
  • Ø საბაზრო მექანიზმების გამოყენება მდგრადი განვითარების მისაღწევად.

მაღალი დონის შეხვედრებზე არაერთხელ იქნა გაჟღერებული მოწოდებები “მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის შესახებ. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ 2009 წლის ივნისში მიღებულ მწვანე ზრდის დეკლარაციაში  მინისტრებმა გამოთქვეს მოსაზრება, გაეძლიერებინათ ძალისხმევა მწვანე ზრდის უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად წაეხალისებინათ მწვანე ინვესტიციები და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. განსაკუთრებულად გაუსვევს ხაზი გადაწყვეტილებას, გამოიყენონ „ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკა კლიმატის მართვის სფეროში“ და წაახალისონ იმ ქვეყნის შიდა რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავენ მწვანე ზრდას და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრევენციას. ამავე დროს OECD-ს შესთავაზეს  შეემუშავებინათ მწვანე ზრდის სტრატეგია, რომელიც საშუალებას მისცემდა ქვეყნებს უზრუნველეყოთ ეკონომიკური აღდგენა და ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრადი ზრდა. 

დასკვნა 

უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც პირველად იქნა მიღებული მწვანე ეკონომიკის კონცეფცია, რიო+20  ერთ-ერთ თემად, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა მას საერთაშორისო დონეზე დასახულ ისეთ მიზნებთან, როგორიცაა მდგრადი განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა. გარდა ამისა, არ იყო გააზრებული მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელების პოტენციური პრობლემები, რისკები, ხარჯები და სარგებლობა. გასაგებად რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკა კონცეპტუალურად განსხვავდება იმით, რომ იგი ეფუძნება მდგრად ეკონომიკურ საფუძველს. ის არ არის მდგრადი განვითარების კონცეფციის საპირწონე, არამედ ავსებს მას გლობალური ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების მნიშვნელობის ხაზგასმით. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები თავდაპირველად ასაბუთებდნენ, რომ მიზანშეწონილი იყო მწვანე ეკონომიკის განვითარების პირობებში ნებისმიერი შედეგი დაბალანსებულად განეხილათ მდგრადი განვითარების სამ ასპექტში, რიოს კონფერენციაზე მიღებული პრინციპების შესაბამისად.

მწვანე ეკონომიკასა და მდგრად განვითარებას შორის შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი კავშირი: მწვანე ეკონომიკის კონცეფცია არ ცვლის მდგრადი განვითარების კონცეფციას, მაგრამ ფართოდ არის აღიარებული, რომ მდგრადობის მიღწევა თითქმის მთლიანად ეფუძნება ეკონომიკური უფლების მოპოვებას.

ამრიგად, მწვანე ეკონომიკის კონცეფცია  არის მოდელი, რომელსაც მივყავართ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ, ასევე გარემოზე საშიში ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირებისა და ეკოლოგიური საფრთხეების აღმოფხვრისაკენ. მწვანე ეკონომიკა თავის უმარტივეს ფორმაში განიხილება, როგორც დაბალი ნახშირბადის შემცველი, რესურსების დამზოგავი და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკური მოდელი. მწვანე ეკონომიკის კონცეფცია შემუშავებულია, როგორც მდგრადი განვითარების კონცეფციის უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც ხაზს უსვამს მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის  მნიშვნელობას. განვითარებულ ქვეყნებში ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“ გულისხმობს მუდმივი გაუმჯობესების პროცესებს ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით. 

გამოყენებული  ლიტერატურა

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა. განვითარებული ქვეყნების მაგალითები (2010). http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf 

2.  მწვანე ეკონომიკის ინსტიტუტი. ოფიციალური ვებ-გვერდი: http://greeneconomics.org.uk 

3.  საერთააშორისო ჟურნალი მწვანე ეკონომიკის შესახებ. http://www.inderscience.com/ijge 

4.  მწვანე ეკონომისტი. ოფიციალური ვებგვერდი: http://www.greeneconomist.org/ 

5. Gelashvili M., “State Regulation of  Investment Activities in Georgia.”  Nova Science  Publishers.  Georgian International Journal of Science and Technology.  ISSN: 1939-5825 https://www.novapublishers.com/catalog/index.php?cPath=125; USA 2013; v. 5-9.

6. Gelashvili M., „Human resources and its Development Tendencies in Georgia“. „Ekonomisti” #1, 2018; p.55.

7. Gelashvili M., D. Burlachenko, „The strategy of growth of green economy in Georgia“. World Economy and International Economic relations International Scientific; Collection; Volume 4, CUL – 2021. p.11.

8. Gelashvili M., "Green" economy - goals and advantages." Magazine: "Legislation and Business", #2. Tbilisi- 2022.

9. Gelashvili M., "Green" development in the context of sustainable development.” VII international scientific conference dedicated to the 100th anniversary of Javakhishvili TSU Faculty of Economics and Business: "Challenges of Globalization in Economy and Business". Tbilisi- 2022.

10.Institute Of Green Economic. Official website:http://greeneconomics.org.uk

11. Gelashvili M., „Innovative Human Capital and its development characteristics“, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi „Homeland“, 2017.

12. United Nations Environment Programme.Examples of developed countries (2016). http://www.unep.org/ pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf